X

პერსონალური მონაცემები 100 წლის წინ

100 წლის წინ, 26 მაისს, ნაშუადღევს, 5 საათსა და 10 წუთზე საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დამოუკიდებლობის აქტით პირობა დადო, რომ დაიცავდა ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს. უფრო დეტალურად ეს უფლებები სამი წლის შემდეგ, კონსტიტუციაში აისახა. მათ შორის იყო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაც.

საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ 3 წელი, კონსტიტუციამ კი 4 დღე იმოქმედა. თუმცა ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა არაერთი პროგრესული ნაბიჯის გადასადგმელად, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. საარქივო მასალები ადასტურებს, რომ 100 წლის წინ, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლები და ქართული საზოგადოება პირადი ცხოვრებისა და პირადი ინფორმაციის დაცვაზე ფიქრობდნენ. ჩვენ ეროვნული არქივის დახმარებით მოვიძიეთ მასალები, რომელიც კარგად აღწერს როგორ მუშავდებოდა პერსონალური მონაცემები 100 წლის წინ და რა კეთდებოდა მათ დასაცავად. ეს პუბლიკაცია სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.